GeorgianHistoryდამოუკიდებელი ისტორიული ჟურნალი
← ყველა მასალა

ქალაქი, რომელმაც სახელები შემოინახა

დმანისის შუა საუკუნეების სამაროვანი, XIII–XIV საუკუნეები. რას გვიამბობს ქვაზე ამოკვეთილი ქართული, სომხური და არაბული წარწერები მაშავრის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებზე.

პოსტერი „ქალაქი, რომელმაც სახელები შემოინახა“. მარცხნივ სტელა dm.15-ის დასავლეთი წახნაგის აკვარელით შესრულებული რეკონსტრუქციაა, მარჯვნივ კი აღმოსავლეთი წახნაგის არქეოლოგიური ჩანახატი ასომთავრულის ოთხი სტრიქონით.
სტელა dm.15, დმანისი. მკვლევრის დათარიღებით, XIII საუკუნის პირველი ნახევარი. მარცხნივ — აკვარელით შესრულებული რეკონსტრუქცია, მარჯვნივ — ფრაგმენტი ჯიმშერ ჩხვიმიანის ჩანახატიდან. Kadmos, № 7 (2015), გვ. 100, სურ. 18, CC BY-NC 4.0.

დმანისის ერთ საფლავის ქვაზე მკვლევარმა სახელი „ოქრო“ ამოიკითხა, მეორეზე — „ებია“. შემოკლებული ლოცვის ფორმულები და რამდენიმე ამოკვეთილი ასო შუა საუკუნეების ქალაქის მკვიდრთა კვალს გვინახავს. მათი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, თუმცა ქვებმა გარდაცვლილის სახელი და მისი სულის შეწყალების თხოვნა შემოგვინახა. ორივე წაკითხვა მკვლევრის მიერაა შემოთავაზებული. წარწერებში შემოკლებებია, ოქროს სახელის შემცველი ქვა კი დაზიანებულიცაა. [1]

დმანისი ქვემო ქართლში, მაშავერის ხეობაში მდებარეობდა. მისი შუა საუკუნეების ნეკროპოლი ქალაქის მოსახლეობის შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ქალაქში სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიცია ხვდებოდა ერთმანეთს. აქ ცნობილია ქართული, სომხური და არაბული მემორიალური წარწერები. 2025 წლის კვლევაში ჯიმშერ ჩხვიმიანმა, ჰარუთიუნ ხუდანიანმა და ვლადიმერ კეკელიამ სომხურწარწერიანი საფლავის ქვების ახალი აღმოჩენები სამარხების განლაგებასა და ქალაქის თემების ისტორიას შეადარეს. [3]

ორი ქართული ძეგლი ჩხვიმიანმა 2015 წლის კვლევაში დაწვრილებით განიხილა. წარწერები ასომთავრულითაა შესრულებული. შემოთავაზებული წაკითხვის მიხედვით, ერთში ოქროს სულისთვის ლოცულობენ, მეორეში — ებიას სულისთვის. არქეოლოგიური კონტექსტისა და ასოთა მოხაზულობის მიხედვით ავტორი ოქროს სახელის შემცველ სტელას XIII საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებს, ებიას სახელის შემცველ ძეგლს კი — XIII საუკუნეს. ამ აღმოჩენების მნიშვნელობა ორ სახელს სცდება. ისინი ცვლის ადრინდელ წარმოდგენას, თითქოს განვითარებულ შუა საუკუნეებში აქაურ საფლავის ქვებზე ქართული ეპიტაფიები არ არსებობდა. [1]

ყოველი ასეთი წაკითხვისას მკვლევარს დაზიანებულ ადგილებთან და შემოკლებებთან უწევს მუშაობა. ცალკეული ასო მეზობელ ნიშნებთან, ძეგლის ფორმასა და მისი აღმოჩენის გარემოებებთან ერთად უნდა განვიხილოთ. ამოკითხული სახელი და აღდგენილი ბიოგრაფია სხვადასხვა რამაა. სახელი ადამიანის პროფესიასა თუ წარმომავლობას არ გვიმხელს. საფლავის ქვის დამუშავების სირთულე შეიძლება სტატუსზე მიგვანიშნებდეს, ოჯახის ქონების განსაზღვრისთვის კი საკმარისი არ არის.

ქალაქის მეხსიერების სხვა მხარეს მუსლიმური სამარხები გვიჩვენებს. 2023 წლის სტატიაში ჩხვიმიანი განიხილავს № 3 წრიული მავზოლეუმის ნაშთებში მდებარე საოჯახო სამარხებს. ეს კომპლექსი 1970–1971 წლების გათხრების დროს შეისწავლეს. რამდენიმე ნაწილად შედგენილი საფლავის ქვების ნაწილზე არაბული ეპიტაფიებია შემორჩენილი. ოჯახის ხსოვნას აქ საკუთარი არქიტექტურული სივრცე ჰქონდა. მისი მატერიალური კვალი ცალკეული სამარხეული კომპლექსების მიხედვით თემის მოწყობის შესწავლის საშუალებას გვაძლევს. [2]

ძეგლების შედარება მხატვრულ მსგავსებასაც ავლენს. ჩხვიმიანი ქრისტიანული და მუსლიმური მემორიალების ზოგიერთი ფორმის მსგავსებაზე მიუთითებს. ამ დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ კულტურულ ურთიერთობებსა და ქვის ოსტატების საქმიანობაზე. ერთი და იგივე დამუშავების ხერხი თავისთავად ვერ ამტკიცებს, რომ ძეგლები ერთ სახელოსნოში შექმნეს. მით უმეტეს, აქედან ვერ დავასკვნით, რომ სხვადასხვა სარწმუნოება ერთმანეთს შეერწყა ან ქალაქის მკვიდრთათვის მნიშვნელობა დაკარგა. [2]

ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეპიტაფიის ენაც. იგი არჩეულ წერილობით და რელიგიურ ტრადიციაზე მეტყველებს, თუმცა გარდაცვლილისთვის ცნობილი ყველა ენის შესახებ ცნობას არ გვაწვდის. შემორჩენილი ქვების მიხედვით მოსახლეობაში თითოეული ჯგუფის წილის გამოთვლა შეუძლებელია. ამგვარი რეკონსტრუქციისთვის სამარხების დათარიღება, განლაგება და დაცულობის ხარისხი სხვა აღმოჩენებს უნდა შევადაროთ.

ნეკროპოლის ისტორიული ღირებულება სწორედ ამ მოწმობების ერთობლიობაშია. წარწერა, ქვის ფორმა და დაკრძალვის ადგილი გვაახლოებს ადამიანებთან, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება თხრობით წყაროებში იშვიათად აისახებოდა. შუა საუკუნეების დმანისი ოჯახების, მეზობლებისა და გარდაცვლილთა ხსოვნის შენარჩუნების სხვადასხვა წესის ქალაქად წარმოგვიდგება.

წყაროები და დამატებითი ლიტერატურა