GeorgianHistoryდამოუკიდებელი ისტორიული ჟურნალი
← ყველა მასალა

ორი მხედარი ადიშის ეკლესიის ფასადზე

მხედრები ფრესკებზე · ფურცელი F09 · წმინდა გიორგის ეკლესია, ზემო სვანეთი · XI–XII საუკუნეები

ფირფიტოვან აბჯარში შემოსილი ორი მხედარი გამჭვირვალე ფონზე. წინ გიორგი ღია ცხენზეა მოწითალო ფაფრით, უკან კი თევდორე მუქ მოწითალო ცხენზე. ორივე ცხენი მთლიანად ჩანს.
გიორგი და თევდორე. აკვარელით შესრულებული რეკონსტრუქცია ჩრდილოეთ ფასადის მოხატულობის მიხედვით, ფურცელი F09. ფიგურების მიბრუნება, მოსასხამები და აღკაზმულობის დეტალები პირობითია.

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე ორი ცხენოსანი ფიგურის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მარცხნივ მუქ წითელ ცხენს ორივე წინა ფეხი აუწევია. მარჯვნივ მეორე ცხენის მოწითალო ფაფარი და კონტურის წვრილი ხაზები ჩანს. მოხატულობის ამ კვალმა რეკონსტრუქციაში ფიგურების განლაგება და მოძრაობა განსაზღვრა.

მარჯვნივ მიბრუნებული ორი მხედრის ფრაგმენტები. უკანა, მუქი წითელი ცხენის ფიგურა უკეთაა შემორჩენილი. ღია მონაკვეთები დანაკარგზე მიუთითებს.
ჩრდილოეთ ფასადის შემორჩენილი მოხატულობის აკვარელით შესრულებული ასლი ზურაბ ცერცვაძის ფოტოს მიხედვით, სურ. 4.20. წყაროდ გამოყენებული ფოტოს ნახვა
ორი მხედარი მარჯვნივ მიემართება. წინ გიორგი ოხრისფერი აბჯრით, ღია ფერის ცხენზე მოწითალო ფაფრით. მას მუქ მოწითალო ცხენზე ამხედრებული თევდორე მიჰყვება.
წმინდა გიორგი და თევდორე. აკვარელით შესრულებული რეკონსტრუქცია ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის მოხატულობის მიხედვით.

წინ გიორგი მიდის, მას თევდორე მიჰყვება

ორივე მხედარი მარჯვნივაა მიბრუნებული. თამარ დადიანი წინ მიმავალ მხედარს გიორგიდ მიიჩნევს, მის უკან მყოფს კი — თევდორედ. მათ ამოცნობაში ცხენების ქვეშ შემორჩენილი გამოსახულებები გვეხმარება. დადიანი მათში დამარცხებულ დიოკლეტიანესა და გველეშაპს ხედავს. მუქი წითელი ცხენი ქართულ ხელოვნებაში თევდორეს გამოსახულების დამახასიათებელი ნიშანია. ფოტოს წარწერაში ფასადის მოხატულობა XI–XII საუკუნეებითაა დათარიღებული. თამარ დადიანი, გვ. 313–314, სურ. 4.20

გიორგის აბჯარი და უნაგირის საფენი

საერთო ფოტო კომპოზიციას გვიჩვენებს. ს. სარჯველაძის მსხვილ პლანზე იკითხება მართკუთხა ფირფიტების ჰორიზონტალური რიგები, მხრის დამცავის ნაწილი და აბჯრის მოკლე ფირფიტოვანი კალთა. მამუკა წურწუმია ორივე მხედრის აბჯარს ლამელარულად მიიჩნევს. გიორგის აკვარელში გადმოვიტანეთ ფირფიტების ფორმა და განლაგება, უნაგირის ქვეშ კი მუქი წითელი საფენი ოხრისფერი არშიით დავხატეთ. აბჯრის ოხრისფერი ტონი მოხატულობას ეყრდნობა. ამ ფერით ლითონის თავდაპირველი იერის დადგენა რთულია. მამუკა წურწუმია, გვ. 79–80, 95, სურ. 21

გიორგის მართკუთხა ფირფიტები და შარავანდედის ნაშთი. მის გვერდით ჩანს ცხენის მოწითალო ფაფარი და კონტურის წვრილი ხაზები.
წმინდა გიორგი. მოხატულობის ფრაგმენტი აკვარელში ს. სარჯველაძის ფოტოს მიხედვით, სურ. 21. წყაროდ გამოყენებული ფოტოს ნახვა

რა აღვადგინეთ თევდორეს ფიგურაზე

საერთო ფოტოზე თევდორესთან უკეთ იკითხება მუქი წითელი ცხენი, მისი მოხრილი კისერი, აწეული წინა ფეხები და მხედრის ტანზე შემორჩენილი ზოლები. აბჯრისათვის გამოვიყენეთ წურწუმიას მიერ აღწერილი მართკუთხა ფირფიტების ჰორიზონტალური რიგები. ფირფიტების ზომა, მათი გადაბმის ადგილები და სამაგრები პირობითადაა გადმოცემული. აბჯრის მუქი ტონი ორი მხედრის გარჩევას წარწერის გარეშეც აადვილებს. მამუკა წურწუმია, გვ. 79–80, 95, სურ. 21

ფრაგმენტებიდან სრულ ფიგურებამდე

ორივე აკვარელზე ღია მონაკვეთები დანაკარგის ადგილებს აღნიშნავს. რეკონსტრუქციაში შევინარჩუნეთ მხედრების რიგი, მარჯვნივ მოძრაობა, თევდორეს მუქი მოწითალო ცხენი და გიორგის ცხენის მოწითალო ფაფარი. გიორგის ცხენის სხეული პირობითად გავაღიავეთ. შემორჩენილი კონტურით მისი თავდაპირველი ფერი არ დგინდება. სახეები, ხელებისა და ცხენების უკანა ფეხების ზუსტი მდებარეობა, ფეხსაცმელი, უნაგირი და აღკაზმულობის თასმები იმ ადგილებში დავამატეთ, სადაც მოხატულობაზე სრული კონტური აღარ იკითხება.

როგორ შევქმენით გარეკანი

გარეკანზე მხედრები მოძრაობის სხვადასხვა მომენტში არიან ნაჩვენები. გიორგისთან უფრო მკაფიოდ ჩანს ოხრისფერი აბჯარი მართკუთხა ფირფიტებით, თევდორესთან კი — მუქი აბჯარი და მოწითალო ცხენი. თავების მიბრუნება, მოსასხამების ნაკეცები და მხედრების ჯდომა კომპოზიციის გასაცოცხლებლად შევარჩიეთ. რეკონსტრუქციის ყურადღების ცენტრში მხედრები არიან. შარავანდედების ფრაგმენტები და ცხენების ქვეშ ფიგურების კვალი ფასადის აკვარელებზე ჩანს.

იმავე ეკლესიის შიგნით, დასავლეთ კედელზე, წმინდა მხედრების სხვა კომპოზიციაა შემორჩენილი. მას ეძღვნება F03 ფურცელი „ადიშის მეომარი“. F03 გამოშვების ნახვა

წყაროები და დამატებითი ლიტერატურა